• July

    29

    2018
  • 583
  • 0

რა კომპონენტებისგან შედგება მზის ფოტოელექტრული სისტემები (სადგურები)?

ძირითადად სამი ტიპის მზის ფოტოელექტრული სისტემა არსებობს:

I) ავტონომიური (OFF-GRID);
II) ქსელს მიერთებული (GRID-TIED);
III) ჰიბრიდული-მიკროქსელური (MICRO GRID)

პირველი (ავტონომიური, OFF-GRID) შედგება: მზის მოდულების (1), მზის დამუხტვის კონტროლერის (2), აკუმულატორის (3) და ინვერტორისაგან (4). დღისით მზის მოდულების მიერ გამომუშავებული ელექტრო ენერგია მზის დამუხტვის კონტროლერის გავლით მიეწოდება აკუმულატორს, სადაც ხდება მისი დაგროვება. ინვერტორის მეშვეობით ხდება აკუმულატორის მუდმივი ძაბვის გარდაქმნა სტანდარტულ ძაბვად, რაც შესაძლებელს ხდის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ე.წ. დატვირთვის (5) მიერთებას . ასეთი ტიპის სისტემები გამოიყენება არაელექტროფიცირებული ობიექტების კვებისათვის.

სურ. 1. ავტონომიური (OFF-GRID) ფოტოელექტრული სისტემა

მეორე (ქსელს მიერთებული, GRID-TIED) ძირითადად შედგება: მზის მოდულებისა (1), ქსელის ინვერტორის (4), ამომრთველის (6) და ორმხრივი ელ. მრიცხველისაგან (7). დღისით მზის მოდულების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია (მუდმივი ძაბვა, დენი) ქსელის ინვერტორის მეშვეობით უშუალოდ გარდიაქმნება სტანდარტულ, ცვლად ძაბვად და სინქრონიზაციის შემდეგ მიეწოდება ცენტრალურ ქსელს (8). ქსელში გადადინებული და საყოფაცხოვრებო ხელსააწყოების (დატვირთვა) (5) მიერ ქსელიდან მოხმარებული ელექტროენერგია აღირიცხება ორმხრივი ელექტრო მრიცხველით. ასეთი სისტემები გამოირჩევა მაღალი საიმედოობით და ხანგრძლივი (25 წელზე მეტი) მუშაობის ვადით.

სურ. 2. ქსელს მიერთებული (GRID-TIED) ფოტოელექტრული სისტემა

მესამე (მიკროქსელური სისტემა, MICRO GRID) შედგება:
– განახლებად ენერგიებზე (მზე, ქარი) მომუშავე დენის გენერატორებისგან;
– დიზელ-გენერატორებისგან;
– დიდი სიმძლავრის ენერგიის დამაგროვებლისგან (აკუმულატორები);
– მართვის და კონტროლის სისტემისგან;
– ელექტრო მომხმარებლებისგან (დასახლება, სოფელი, სახლები);
– ცენტრალური ქსელისგან (მისი არსებობის შემთხვევაში).

სურ. 3.  მიკროქსელური სისტემა MICRO GRID

მიკროქსელის მართვის სისტემა საშუალებას იძლევა შეუერთდეს ცენტრალურ ქსელს (მისი არსებობის შემთხვევაში) და იმუშაოს მასთან ინტეგრირებულად, ასევე,  გამოირთოს მისგან და გააგრძელოს ავტონომიურ რეჟიმში ფუნქციონირება.

მიკროქსელური ტექნოლოგიები ორიენტირებულია ადგილობრივი განახლებადი ენერგიების გამოყენებაზე, შედეგად აღარ არის საჭირო ენერგიის დიდ მანძილზე გადაცემა, რაც ამცირებს დანაკარგებს და ელექტრო ენერგიის თვითღირებულებას.

© Copyright 2018 - POWERED BY Mywebs.ge All Right Reserved!

Call Now